Wednesday, May 30, 2012


მიქელანჯელო ბუონაროტი
   აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი და გენია - უპირველესი მოქანდაკე კაცობრიობის ისტორიაში, გენიალური ფერმწერი და არქიტექტორი, შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი, ცნობილი როგორც მიქელანჯელო, დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ფლორენციის მახლობლად, პატარა ქალაქ კაპრეზეში. 

   დედა 6 წლისას გარდაეცვალა, მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. მამას სურდა შვილიც ჩინოვნიკი გამოსულიყო და ლათინურ სკოლაში უპირებდა მიბარებას, მაგრამ პატარა მიქელანჯელომ ეკლესიებში სიარული და ნახატების ასლების ხატვა არჩია. 13 წლისა საუკეთესო ფერმწერ დომენიკო გირლანდაიოს მიებარა. ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დახატვას ისე დაეუფლა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. 

   მალე ასეთი დღეც დადგა: გირლანდაიო სანტა მარია ნოველას კაპელაში მუშაობდა, ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, ხატვა კი მოწაფეებმა განაგრძეს. როცა უკან დაბრუნებულმა მიქელანჯელოს ნამუშევარი იხილა, აღმოხდა: "მან ჩემზე მეტი იცის!" ამის შემდეგ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო ფლორენციის იმდროინდელი მმართველის,  ლორენცო მედიჩის ვილაში. 


  აქ ეზიარა ის პირველად ქანდაკების საიდუმლოს თვით დიდი დონატელოს მოწაფესთან - ბერტოლდო დო ჯოვანისთან. ცნობილი მეცნიერების მარსილიო ფიჩინოსა და პიკო დელა მირანდოლოს წყალობით აქ ეზიარა პლატონის აკადემიის იდეებს და გაიტაცა ნეოპლატონიკოსთა "ხელოვნების მთავარმა იდეამ" - სრულყოფილი ფორმის ძიებამ. მის განკარგულებაში იყო ხელოვნების მოყვარული ლორენცო მედიჩის ბრწყინვალე კოლექცია.

No comments:

Post a Comment