
ფრესკის შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა: ლეონარდო და ვინჩი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს, ბოროტება კი იუდას სახით.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.
მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და კარგა ხნის შემდეგ ერთი ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით წაათრიეს მთვრალი მაწანწალა ეკლესიაში და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და ბედუკუღმართობა.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: "ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!" "კი მაგრამ, საიდან?" - გაუკვირდა ლეონარდოს. "სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა"...
No comments:
Post a Comment