
უკვე რესპუბლიკად ქცეულ ფლორენციაში მიქელანჯელო სახელოვან ოსტატად ბრუნდება და "დავითის" შექმნას იწყებს. ამოცანა რთული იყო - მარმარილოს ლოდი, რომელიც მისცეს, წინა საუკუნეში მოქანდაკის მიერ უკვე იყო დამუშავებულ-დაზიანებული. თუმცა პრობლემას გენიოსი შესანიშნავად წყვეტს... ფლორენციელები დავითის ქანდაკებას შექმნის დღიდანვე მიიჩნევდნენ რესპუბლიკის სიმბოლოდ. ქანდაკების დადგმა 1504 წელს სრულიად ფლორენციის ზეიმად იქცა.
ფლორენციაში მიქელანჯელო სხვა სამუშაოსაც ასრულებს: ის და დიდი ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად იღებენ შეკვეთას - პალაცო ვეკიოში ფრესკაზე უნდა ასახონ ფლორენციელთა გმირული ბრძოლა, ხოლო როცა მუყაოზე შესრულებული ესკიზები მიქელანჯელომ - "კაშინის ბრძოლა" და ლეონარდომ - "ანგიარის ბრძოლა" ერთდროულად წარადგინეს, ორივე იმდენად გენიალური იყო, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა!
1505 წლიდან რომის პაპი იულიუს II მას ჯერ გრანდიოზული აკლდამის შექმნას ავალებს, შემდეგ კი სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვას. მიქელანჯელომ მარტომ მოხატა 600 კვმ ფართობი. მის ფერწერაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შიშველი სხეული, რომელსაც მრავალნაირი პოზითა და სწორუპოვარი პლასტიკით თავისი იდეებისა და გრძნობების გამოსახატავად იყენებს. "განკითხვის დღეში" გამოსახული მისი სიბილები და წინასწარმეტყველები მსოფლიო ხელოვნების კლასიკად იქცა, თუმცა მის ამ ნახატში მოქანდაკეც გამოსჭვივის.
14 წელიწადში (1520-34 წწ.) მიქელანჯელო ასრულებს მედიჩების საგვარეულო საძვალესა და კაპელას.
1534 წლიდან მიქელანჯელო რომში სახლდება. ბევრს მუშაობს, რაღაცებს კი დაუმთავრებელსაც ტოვებს - მაგალითად, "მონების" 4 ქანდაკებას.
1536-1541 წლებში დაასრულა ყველაზე მთავარი ფერწერული ნამუშევარი "განკითხვის დღე", სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, რომელზეც მთელი კაცობრიობის დრამაა ასახული.
No comments:
Post a Comment